პროექტის „საზღვრის ორივე მხარეს: ქართველი და სომეხი ექსპერტების ქსელის შექმნა“ კონფერენცია

 

მედია რელიზი

 

4 ოქტომბერს, 14 საათზე, თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის „საზღვრის ორივე მხარეს: ქართველი და სომეხი ექსპერტების ქსელის შექმნა“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართება. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის პროექტის "შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის" მიერ და მას ერთობლივად ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ჯგუფი“ (თბილისი, საქართველო) და „სომხეთის ტრანსატლანტიკური ინიციატივების ცენტრი“ (ერევანი, სომხეთი).

 

პროექტი 2014 წელს შვიდი თვის მანძილზე მიმდინარეობდა და მისი მიზანი იყო სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქართველ და სომეხ ექსპერტებს შორის კონტაქტების დამყარება, მათ მიერ მეზობელი ქვეყნის შესახებ კვლევების ჩატარება და ანალიტიკური ნაშრომების მომზადება, ასევე ამ გზით ქართულ და სომხურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისთვის ხელის შეწყობა.

 

პროექტის ფარგლებში ოთხმა სომეხმა და ოთხმა ქართველმა ექსპერტმა, საგარეო პოლიტიკის, მედიის, ეკონომიკის, საჯარო პოლიტიკისა და სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებზე, თბილისსა და ერევანში კვლევითი სამუშაოები ჩაატარეს, გამართეს შეხვედრები ხელისუფლების, ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და, შედეგად, სხვადასხვა საკითხისადმი მიძღვნილი რვა ნაშრომი მოამზადეს, რომლებიც რუსულ და ინგლისურ ენებზე ერთ კრებულად გამოიცა.

 

4 ოქტომბერს, დასკვნით კონფერენციაზე ამ კრებულისა და მასში შემავალი შემდეგი ნაშრომების წარდგენა მოხდება:

 

დავით ბატაშვილი „სომხეთის გზა ევრაზიის კავშირისკენ: მიზეზები და პერსპექტივები“

 

ვაჰრამ ტერ-მატევოსიანი „თურქეთის პოლიტიკა საქართველოში: ინტეგრაციული პროექტების სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები“ 

 

თამარ ხორბალაძე „მედია ეთიკის საკითხები სომხეთში: პრაქტიკა და გამოწვევები“ 

 

ანა ბარსეგიანი „ონლაინ მედია საქართველოში: გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“

 

თამაზ ახობაძე „სომხეთის ელექტრონული მმართველობა: წარმატებები და გამოწვევები“ 

 

ნარინე დანეგიანი „სამოქალაქო აქტივიზმი საქართველოში: მიღწევები და გამოწვევები“

 

ირინა გურული „საპენსიო რეფორმა სომხეთში: შესაძლებლობები და გამოწვევები“

 

სუსანა კარაპეტიანი „საქართველო: რატომ და როგორ უნდა მოხდეს საპენსიო სისტემის რეფორმირება?“